ჩვენ შესახებ

მდებარეობა
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ მდებარეობს მცხეთა–მთიანეთის რაიონში, ფშავის არაგვის ულამაზეს ხეობაში, იქ სადაც არაგვი ჟინვალის წყალსაცავში ჩაედინება. 2011-2013 წწ. აშენებული ცენტრი პირველად სრული დატვირთვით 2013 წელს ამუშავდა, როგორც ტურისტული ბანაკი, საპიკნიკე ადგილი და აგრეთვე  ჯომარდობის, კაიაკინგის, ლაშქრობისა და ველოსპორტის მოყვარულთა ბაზა. „არაგვის სათავგადასავლო ცენტრის“ კონცეფციაა აქტიური დასვენება, გარემოს მაქსიმალური დაცვა, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა ტურიზმის სექტორში და რეგიონის განვითარება, რითაც ის უნიკალურია მთელს საქართველოში.
თბილისიდან სულ რაღაც 60 კმ–ში, ერთი საათის სავალზე მდებარე „არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ ადვილად ხელმისაწვდომია ერთდღიანი ექსკურსიის მსურველთა და შაბათ–კვირას ქალაქიდან მთაში დასასვენებლად წამსვლელთათვის. იგი ასევე შესანიშნავი ადგილია შესვენებისთვის ყაზბეგის (სტეფანწმინდა/ყაზბეგის მთა) ან ხევსურეთის (შატილი) ხანგრძლივი ტურის დროს. არაგვის ცენტრში მოსახვედრად მიჰყევით ბმულს ('კონტაქტები') ან კოორდინატებს GPS 42°13'13.80"N / 44°49'55.60".

ჩვენი გუნდი
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ დააარსა სოსო მექვევრიშვილმა, რომელმაც განახორციელა თავისი ოცნება,  შეექმნა ისეთი ცენტრი, სადაც ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის ადამიანებს შეეძლებოდათ სიამოვნება მიეღოთ ბუნებაში გასვლით, დაესვენათ მშვიდ გარემოში, მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში და გამხდარიყვნენ ქართული სტუმართმოყვარეობით განთქმული წვეულებების მონაწილე.  
სოსო და მისი გუნდი პირველივე წუთიდან სასიამოვნო გარემოს შეგიქმნიან და იზრუნებენ თქვენს კომფორტულ და უსაფრთხო დასვენებაზე.
თქვენ მოგემსახურებიან გამოცდილი ინსტრუქტორები, რომლებიც ინდივიდუალურად დაგიგეგმავენ საინტერესო ტურებს და ჩაგიტარებენ შესაბამის ინსტრუქტაჟს. ჩვენი მზარეულები კი გაგიმასპინძლდებიან ადგილობრივ, ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებული კერძებით, რაც არაგვის სათავგადასავლო ცენტრში თქვენ მიერ გატარებულ დროს ჭეშმარიტად დაუვიწყარს გახდის. მათ, ვისაც უფრო მეტი დრო აქვს, შეგვიძლია დავუგეგმოთ  მთლიანი ტური, რომელიც ინდივიდუალურ  საჭიროებებზე იქნება მორგებული და ვაჩვენოთ ჩვენი ქვეყნის ყველაზე თვალწარმტაცი ადგილები.
ვსაუბრობთ ქართულად, რუსულად, გერმანულად და ინგლისურად. 

საკემპინგე და საპიკნიკე ადგილი
საკარვე და  საპიკნიკე ადგილი მდებარეობს ფშავის არაგვის პირას, მაღალი ხეებით დაჩრდილულ მშვენიერ მდელოზე, სადაც ჩვენს სტუმრებს ვთავაზობთ კომფორტულ კარვებში ღამისთევას. ბანაკში არის 24 საათიანი ელექტრო- და წყალმომარაგება, სუფთა და კეთილმოწყობილი სანიტარული კვანძები (ბუნების დაცვაში ჩვენი პატარა წვლილის შეტანის მიზნით სამზარეულოსა და საშხაპეების თბილი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ მზის წყალგამათბობლები). ცენტრში შეგიძლიათ იქირაოთ გასაბერი ლეიბები, საძილე ტომრები და კარვები. ჯერჯერობით ჩვენთან ღამისთევა შესაძლებელია მხოლოდ კარვებში.

კონცეფცია: გარემოს დაცვა
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრის“ კონცეფცია გარემოს მაქსიმალურ დაცვას ითვალისწინებს. ეს გულისხმობს ადგილობრივი სამშენებლო მასალების გამოყენებას, საშხაპე და ჭურჭლის სარეცხი წყლის მზის ენერგიით გათბობას, კანალიზაციის დახურული, ე.წ. სეპტიკური ავზის და სადრენაჟო ქსელის გამოყენებას და ზოგადად სისუფთავის დაცვას არა მარტო ბანაკის ტერიტორიაზე, არამედ მის შემოგარენშიც. სასმელი წყალი სუფთავდება ულტრაიისფერი გამოსხივების სპეციალური ფილტრით. ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება თბილისის ნაგავსაყრელებზე. ამრიგად, არ ხდება ნარჩენების დაწვა ან გარემოს სხვაგვარი დაბინძურება. ძვირფასო სტუმრებო, გთხოვთ, დაგვეხმაროთ სისუფთავის დაცვაში: არ ჩაყაროთ ნარჩენები მდინარეში და არ დაყაროთ ტყეში. ამისთვის სპეციალური კონტეინერები გვაქვს!

კონცეფცია: ოჯახი
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრში“ ყველა პირობაა შექმნილი ბავშვიანი ოჯახების ჯანმრთელი და აქტიური დასვენებისთვის. პერსონალის დიდი ძალისხმევით აქ ვერ ნახავთ მინის ნამსხვრევებს, სიგარეტის ნამწვებს ან სხვა ნაგავს. ასე რომ, ბავშვებს შეუძლიათ თავისუფლად  და უსაფრთხოდ  ითამაშონ მდინარის წყალმარჩხ ადგილას ან გაერთონ სათამაშო მოედანზე, სადაც მათთვის მოწყობილია საქანელები, ჩამოსასრიალებელი კოშკი, აიწონა-დაიწონა, ბატუტი და ფრენბურთის მოედანი. 
„არაგვის სათავგადასავლო ცენტრი“ და მიმდებარე ტყეები ბავშვებს ბუნებასთან ურთიერთობის, მისი გაცნობის კარგ შესაძლებლობას სთავაზობს, რასაც ქალაქის პატარები ხშირად მოკლებულნი არიან. იმ მშობლებს, რომლებსაც სურვილი აქვთ რამოდენიმე საათით ჯომარდობით ან კაიაკინგით დაკავდნენ, შეუძლიათ ძიძის დაქირავება (საჭიროა წინასწარი შეთანხმება; იხილეთ ‘კონტაქტი’).  12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს მშობლებთან ერთად ვთავაზობთ კაიაკებით ტბაზე გასეირნებას ან  ჯომარდობას ფშავის არაგვზე გამოცდილი ინსტრუქტორების თანხლებით (იხილეთ 'ტურები’). 

დაგვიკავშირდით
ტელ: +995 597 298 297  
ელ. ფოსტა: info@adventure-center.ge
soso.mekvevrishvili@gmail.com
www.adventure-center.ge
ARAGVI ADVENTURE CENTER